რაში შეიძლება გამოვიყენოთ ,,ზაპოროჟეცი”?
თან დანგრეული?! – იტყვით ჯართში ჩასაბარებლადო, მაგრამ ნუ იჩქარებთ. ჩემ ეზოშიც იდგა ერთი ასეთი ზაპოროჟეცი. იდგა და ნაწილებად დაშლას ელოდა. ერთ მშვენიერ დღეს კი აამუშავეს და საპასუხისმგებლო დავალების შესასრულებლად ზედ ,,ფრონტის წინა ხაზზე” გაამწესეს.
იმ დღეს საჩხერის რაიონში ახალი ჟურნალისტური დავალების შესასრულებლად უნდა გავმგზავრებულიყავით, მაგრამ ასეთ დროს სამგზავროდ განკუთვნილი ,,06» მოულოდნელად მწყობრიდან გამოვიდა. სანაცვლოდ ,,ზაპოროჟეცი” დაიქოქა და ისიც საჩხერემდე არ გაჩერებულა.
საჩხერის რაიონში მშვიდობით ჩასულებმა საჭირო ინფორმაციის მოპოვება კი შევძელით, მაგრამ ფოტოების გადაღებაზე სასტიკი უარი გვითხრეს. ჩვენ აკრძალვას დავემორჩილეთ და მასპინძელს დავემშვიდობეთ.
,,მასპინძელს”, რომელსაც ვერაფრით წარმოდგინა ,,საპატიო სტუმრები” ,,ზაპოროჟეცით” თუ გადაადგილდებოდნენ, დანგრეული მანქანისათვის ყურადღება აღარ მიუქცევია. ზაპოროჟეცი კი მთელი დღის განმავლობაში საჩხერის რაიონში ხრიგინ-ხრიგინით გადაადგილდებოდა და ფარულ ფოტოგადაღებას ფარად ეფარებოდა.
რაში შეიძლება გამოვიყენოთ დიქტოფონი?
იტყვით – ხმის ჩასაწერადო, თუმცა მე პირადად ამაზე არ შევჩერდებოდი. იმ უცნაურ რესპონდენტს, ისე მოხდა რომ, ფოტოაპარატის გარეშე ვეახელი. ,,უცნაური რესპონდენტი” კი ინტერვიუზე ვერაფრით დავითანხმე. ,,თუ სამუშაო პროცესში არ გადამიღებთ და ილუსტრაციებს არ დაბჭდავთ სიტყვასაც არ დავძრავ”, - განმიცხადა მან. რა უნდა მექნა ავდექი და დიქტოფონის ,,სტოპ” ღილაკი იქამდე ვაწკაპუნე სანამ ჩემი რესპონდენტი პოზირებით არ დაიღალა. როცა მეორე დღეს იმავე რესპონდნტს ფოტორეპორტიორი ეწვია და განუცხადა - ,,გუშინდელი კადრები გაგვიფუჭდა ხელახლა უნდა გადაგიღოთო” - ,,უცნაურს” არ გაკვირვბია მეტიც ბრძნულად განუცხადა: ,,მეც მივხვდი, რომ იმ ფოტოაპარატს ცოტა უჭირდაო”.
რაში შეიძლება გამოგვადგეს საწერკალამი?
იტყვით ინფორმაციის ჩასაწერად, განსაკუთრებით მაშინ, როცა დიქტოფონი ფოტოაპარატის მაგივრობას წევსო! გიპასუხებთ, რომ არა მხოლოდ ასეთ შემთხვევაში.
იმ საბედისწერო დღეს ერთ-ერთ პრესკონფერენციას ვესწრებოდი – რაღა თქმა უნდა გაშუქების მიზნით. სხდომის მიმდინარეობისას ცოტა ხნით აუდიტორიის დატოვება და ყველასთვის საჭირო ოთახში გადანაცვლება მომიხდა. ტუალეტის კარი შესვლისას საგულდაგულოდ ჩავკეტე, მოგვიანებით კი ვეღარ გავაღე. კლაუსტროფობია მოძალებულმა და დაფეთებულმა ხელი გულზე მივიდე და აღმოვაჩინე, რომ გულისჯიბეში სხდომათადარბაზიდან გამოყოლილი ჩემი ერთგული საწერკალამი მედო. კალმის გულმა ჩემი გული გადაარჩინა, გასაღების მაგივრობა გასწია და ტუალეტის ტყვეობიდან მიხსნა.
დასკვნისათვის:
,,ოჯახი ხრამიაო” - ამბობენ. მე კი ვფიქრობ ჟურნალისტის ჩანთა უფრო დიდი ხრამია. ჩაყარეთ მასში რაც შეიძლება მეტი ნივთი, დაძარით თუნდაც ,,ზაპოროჟეცი” და ყველაფერი გამოგივათ.
ძაან კაი პოსტი იყო, ვიხალისე :)
ОтветитьУдалить