среда, 14 октября 2009 г.

ქუთაისში ,,ანტიგონე” დამარხეს


და ,,კრეონტიც” ზედ მიაყოლეს! 

BLOGიკურად თუ ვიმსჯელებთ, ეს კარგი არავისთვისაა.

ველოდი, რომ სეზონს (ჩავისუნთქოთ) ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის აკადემური თეატრი (ამოვისუნთქოთ) სპექტაკლ ,,ანტიგონეთი” გახსნიდა, მაგრამ ჟან ანუის ეს პიესა ამ თეატრის იმ კულისებში, ისე დაიდგა და ,,ჩაბარდა”, ჩემს გარდა თეატრის გარეთ არც კაცის და არც ქალის შვილს უნახავს.

მე ვინ ვარ ასეთი და, პატივი რით დავიმსახურე და, დათოს მთავარი ნახევარი. თავის მხრივ დათო ამ სპექტაკლში ერთ-ერთ როლს თამაშობდა, მავანი რომ ,,მეორეხარისხოვანს” უწოდებს ისეთს. ამ პოსტსაც აქ იმიტომ ვწერ, რომ სტატიად ვერ დავწერდი, რადგან უკევ 9 წელია (დიდუუუ რამდენია) დათოს ვარ მიკერძოვებული. თუმცა ამ მიკერძოვების მიუხედავად, აქვე ვიტყვი რომ იმ სპექტაკლში ერთადერთი ჩემი ქმრის სცენა არ მომეწონა (დათოც აღიარებს, რომ როლი დასამუშაეებელი აქვს).

დათო რომ ჩემი ქმარი არ იყოს, ერთი რომ დედაჩემს გაუხარდებოდა (ვხუმრობ) და მეორეც ამას სტატიად დავწერდი. და მაშინ ვიტყოდი, რომ (ჩავისუნთქოთ) ყველაზე სხვაგვარი ანტიგონე დამარხეს. რომ ეს იყო ჰიმნი ერთდროულად თავისუფლებასა და შეზღუდულობაზე. რომ ეს სპექტაკლი გარწმუნებს, რომ ბრძოლა ორივე მიმართულებით გამართლებულია - თავისუფლებისთვისაც და სხვისი უფლებისთვისაც. ვიტყოდი, რომ ეს იყო უძლიერესი წარმოდგენა, რომელიც ერთი ამოსუნთქვით ,,იკითხება”; მოქმედება, სადაც ანტიგონეც მართალია და კრეონტიც და რომ ყველაზე დიდი სიმართლე, ორივე ამ მხარის სიმართლეა ერთად აღებული. მსახიობებზეც ვიტყოდი, ძალიან ძლიერ მსახიობებზე _ ნინო ჭოლაძესა და დავით როინიშვილზე (სხვა დათოა, ჩემი ქმარი არ გეგონოთ), სხვა მსახიობებზეც ბევრს დავწერდი, რადგან მე თბილისში ჩამოსულ ქუთაისელს მეამაყა იმ ქალაქის კულტურით, რომელიც დღეს მხოლოდ ქურდულ ყოფასთან ასოცირდება (ამოვისუნთქოთ)... მაგრამ ამეებს ვერ ვიტყვი, რადგენ ეს ხომ ჩვეულებრივი პოსტია, რომელსაც საერთოდ არ ეკუთვნის და არც უხდება ის ტერმინოლოგია, ამ აბზაცში რომ გამოვიყენე. და რაც მთავარია, სპექტაკლი ჩემს გარდა არავის უნახავს (ეს კი ვთქვი უკვე, მაგრამ გავიმეორებ _ გამეორება ცოდნის დედაა).

მე ბოდიში და, რეჟისორი აქამდე არც კი მიხსენებია. არადა მგონი სპექტაკლის აფიშებზე არგადასვლის მიზეზი სწორედ ისაა, რომ რეჟისორი მამუკა ტყემალაძეა წარმოიდგინეთ აფიშა წარწერით - რეჟისორი ტყემალაძე (თქვენს წარმოდგენებს აღარ შვეაწუხებ, თორემ ამ სპექტაკლში დაკავებულ მსახიობებსაც კარგი გვარები აქვთ). ალბათ სწორედ ამ ,,წარმოდგენით” იხელმძღვანელა ხელმძღვანელობამაც, თორემ სხვა რა მიზეზი უნდა იყოს უკვე დასრულებული, ძალიან საინტერესო და განსხვავებული წარმოდგენის არ წარმოდგენის. 

კარგია ის არის, რომ დაბრკოლებების მიუხედავად, შედეგიდან გამომდინარე, ტყემალაძე არ გადაგვარდა ანუ გვარი არ გამოიცვალა. ( თეატრის ხელმძღვანელობა თუ არა, ARTერი-ა მაინც წამხედურობით ითხოვს ,,კეტჩუბიან” გვარებს ტყემლიანი საწებლის ნაცვლად). არ მიყვარს კაცი გადაგვარების გზას რომ ადგება. რაც შეეხება დამარხულ ,,ანტიგონეს”, BLOGიკურად თუ ვიმსჯელებთ, ასეთი რამეები დიდი ხნით ვერ იმარხებიან, მათ ვინმე ,,მაინც ამოთხრის”. 

Комментариев нет:

Отправить комментарий