пятница, 30 октября 2009 г.

ნივთები და ჟურნალისტები


რაში შეიძლება გამოვიყენოთ ,,ზაპოროჟეცი”? 

თან დანგრეული?! – იტყვით ჯართში ჩასაბარებლადო, მაგრამ ნუ იჩქარებთ. ჩემ ეზოშიც იდგა ერთი ასეთი ზაპოროჟეცი. იდგა და ნაწილებად დაშლას ელოდა. ერთ მშვენიერ დღეს კი აამუშავეს და საპასუხისმგებლო დავალების შესასრულებლად ზედ ,,ფრონტის წინა ხაზზე” გაამწესეს.

იმ დღეს საჩხერის რაიონში ახალი ჟურნალისტური დავალების შესასრულებლად უნდა გავმგზავრებულიყავით, მაგრამ ასეთ დროს სამგზავროდ განკუთვნილი ,,06» მოულოდნელად მწყობრიდან გამოვიდა. სანაცვლოდ ,,ზაპოროჟეცი” დაიქოქა და ისიც საჩხერემდე არ გაჩერებულა.

საჩხერის რაიონში მშვიდობით ჩასულებმა საჭირო ინფორმაციის მოპოვება კი შევძელით, მაგრამ ფოტოების გადაღებაზე სასტიკი უარი გვითხრეს. ჩვენ აკრძალვას დავემორჩილეთ და მასპინძელს დავემშვიდობეთ.

,,მასპინძელს”, რომელსაც ვერაფრით წარმოდგინა ,,საპატიო სტუმრები” ,,ზაპოროჟეცით” თუ გადაადგილდებოდნენ, დანგრეული მანქანისათვის ყურადღება აღარ მიუქცევია. ზაპოროჟეცი კი მთელი დღის განმავლობაში საჩხერის რაიონში ხრიგინ-ხრიგინით გადაადგილდებოდა და ფარულ ფოტოგადაღებას ფარად ეფარებოდა.

რაში შეიძლება გამოვიყენოთ დიქტოფონი?

იტყვით – ხმის ჩასაწერადო, თუმცა მე პირადად ამაზე არ შევჩერდებოდი. იმ უცნაურ რესპონდენტს, ისე მოხდა რომ, ფოტოაპარატის გარეშე ვეახელი. ,,უცნაური რესპონდენტი” კი ინტერვიუზე ვერაფრით დავითანხმე. ,,თუ სამუშაო პროცესში არ გადამიღებთ და ილუსტრაციებს არ დაბჭდავთ სიტყვასაც არ დავძრავ”, - განმიცხადა მან. რა უნდა მექნა ავდექი და დიქტოფონის ,,სტოპ” ღილაკი იქამდე ვაწკაპუნე სანამ ჩემი რესპონდენტი პოზირებით არ დაიღალა. როცა მეორე დღეს იმავე რესპონდნტს ფოტორეპორტიორი ეწვია და განუცხადა - ,,გუშინდელი კადრები გაგვიფუჭდა ხელახლა უნდა გადაგიღოთო” - ,,უცნაურს” არ გაკვირვბია მეტიც ბრძნულად განუცხადა: ,,მეც მივხვდი, რომ იმ ფოტოაპარატს ცოტა უჭირდაო”.

რაში შეიძლება გამოგვადგეს საწერკალამი?

იტყვით ინფორმაციის ჩასაწერად, განსაკუთრებით მაშინ, როცა დიქტოფონი ფოტოაპარატის მაგივრობას წევსო! გიპასუხებთ, რომ არა მხოლოდ ასეთ შემთხვევაში.

იმ საბედისწერო დღეს ერთ-ერთ პრესკონფერენციას ვესწრებოდი – რაღა თქმა უნდა გაშუქების მიზნით. სხდომის მიმდინარეობისას ცოტა ხნით აუდიტორიის დატოვება და ყველასთვის საჭირო ოთახში გადანაცვლება მომიხდა. ტუალეტის კარი შესვლისას საგულდაგულოდ ჩავკეტე, მოგვიანებით კი ვეღარ გავაღე. კლაუსტროფობია მოძალებულმა და დაფეთებულმა ხელი გულზე მივიდე და აღმოვაჩინე, რომ გულისჯიბეში სხდომათადარბაზიდან გამოყოლილი ჩემი ერთგული საწერკალამი მედო. კალმის გულმა ჩემი გული გადაარჩინა, გასაღების მაგივრობა გასწია და ტუალეტის ტყვეობიდან მიხსნა.

დასკვნისათვის:

,,ოჯახი ხრამიაო” - ამბობენ. მე კი ვფიქრობ ჟურნალისტის ჩანთა უფრო დიდი ხრამია. ჩაყარეთ მასში რაც შეიძლება მეტი ნივთი, დაძარით თუნდაც ,,ზაპოროჟეცი” და ყველაფერი გამოგივათ.

суббота, 24 октября 2009 г.

კაკულიობას რა უნდა

დღეს 24 ოქტომბერია, მაგრამ ზუსტად ვიცი რა მოხდება 31 ოქტომბერს თბილისში. ახალგაზრდების და არა მხოლოდ ახალგაზრდების ნაწილი Halloween-ს აღნიშნავს, თანაც შარდენზე და თანაც ისე, რომ პროცესში სიონის ეზოც ჩაერთოს. იქ კი, ბოლო დროს მომხდარი ამბებით გაღიაზიენბული მართლმადიდებელ მშობელთა ნაწილი ვეღარ შეიაკავებს თავს და დაიწყებააააა. და პოლიცია იქნება სანახაობის სადარაჯოზე! ტალემედიის ნაწილი ამაზე დადუმდება, სანაცვლოდ გადაღებული კადრები Youtobe-სა და facebook-ზე გახდება პოპულარული და მათ ,,ექსკლუზიურად” აღმოაჩენს დიიიიდად მოძეული ჟურნალისტი. ინტერენტში აღმოჩენილი კადრები კვირის ტოპნიუსად იქცევა და დაიწყებაააა... დავიღალე!

среда, 14 октября 2009 г.

ქუთაისში ,,ანტიგონე” დამარხეს


და ,,კრეონტიც” ზედ მიაყოლეს! 

BLOGიკურად თუ ვიმსჯელებთ, ეს კარგი არავისთვისაა.

ველოდი, რომ სეზონს (ჩავისუნთქოთ) ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის აკადემური თეატრი (ამოვისუნთქოთ) სპექტაკლ ,,ანტიგონეთი” გახსნიდა, მაგრამ ჟან ანუის ეს პიესა ამ თეატრის იმ კულისებში, ისე დაიდგა და ,,ჩაბარდა”, ჩემს გარდა თეატრის გარეთ არც კაცის და არც ქალის შვილს უნახავს.

მე ვინ ვარ ასეთი და, პატივი რით დავიმსახურე და, დათოს მთავარი ნახევარი. თავის მხრივ დათო ამ სპექტაკლში ერთ-ერთ როლს თამაშობდა, მავანი რომ ,,მეორეხარისხოვანს” უწოდებს ისეთს. ამ პოსტსაც აქ იმიტომ ვწერ, რომ სტატიად ვერ დავწერდი, რადგან უკევ 9 წელია (დიდუუუ რამდენია) დათოს ვარ მიკერძოვებული. თუმცა ამ მიკერძოვების მიუხედავად, აქვე ვიტყვი რომ იმ სპექტაკლში ერთადერთი ჩემი ქმრის სცენა არ მომეწონა (დათოც აღიარებს, რომ როლი დასამუშაეებელი აქვს).

დათო რომ ჩემი ქმარი არ იყოს, ერთი რომ დედაჩემს გაუხარდებოდა (ვხუმრობ) და მეორეც ამას სტატიად დავწერდი. და მაშინ ვიტყოდი, რომ (ჩავისუნთქოთ) ყველაზე სხვაგვარი ანტიგონე დამარხეს. რომ ეს იყო ჰიმნი ერთდროულად თავისუფლებასა და შეზღუდულობაზე. რომ ეს სპექტაკლი გარწმუნებს, რომ ბრძოლა ორივე მიმართულებით გამართლებულია - თავისუფლებისთვისაც და სხვისი უფლებისთვისაც. ვიტყოდი, რომ ეს იყო უძლიერესი წარმოდგენა, რომელიც ერთი ამოსუნთქვით ,,იკითხება”; მოქმედება, სადაც ანტიგონეც მართალია და კრეონტიც და რომ ყველაზე დიდი სიმართლე, ორივე ამ მხარის სიმართლეა ერთად აღებული. მსახიობებზეც ვიტყოდი, ძალიან ძლიერ მსახიობებზე _ ნინო ჭოლაძესა და დავით როინიშვილზე (სხვა დათოა, ჩემი ქმარი არ გეგონოთ), სხვა მსახიობებზეც ბევრს დავწერდი, რადგან მე თბილისში ჩამოსულ ქუთაისელს მეამაყა იმ ქალაქის კულტურით, რომელიც დღეს მხოლოდ ქურდულ ყოფასთან ასოცირდება (ამოვისუნთქოთ)... მაგრამ ამეებს ვერ ვიტყვი, რადგენ ეს ხომ ჩვეულებრივი პოსტია, რომელსაც საერთოდ არ ეკუთვნის და არც უხდება ის ტერმინოლოგია, ამ აბზაცში რომ გამოვიყენე. და რაც მთავარია, სპექტაკლი ჩემს გარდა არავის უნახავს (ეს კი ვთქვი უკვე, მაგრამ გავიმეორებ _ გამეორება ცოდნის დედაა).

მე ბოდიში და, რეჟისორი აქამდე არც კი მიხსენებია. არადა მგონი სპექტაკლის აფიშებზე არგადასვლის მიზეზი სწორედ ისაა, რომ რეჟისორი მამუკა ტყემალაძეა წარმოიდგინეთ აფიშა წარწერით - რეჟისორი ტყემალაძე (თქვენს წარმოდგენებს აღარ შვეაწუხებ, თორემ ამ სპექტაკლში დაკავებულ მსახიობებსაც კარგი გვარები აქვთ). ალბათ სწორედ ამ ,,წარმოდგენით” იხელმძღვანელა ხელმძღვანელობამაც, თორემ სხვა რა მიზეზი უნდა იყოს უკვე დასრულებული, ძალიან საინტერესო და განსხვავებული წარმოდგენის არ წარმოდგენის. 

კარგია ის არის, რომ დაბრკოლებების მიუხედავად, შედეგიდან გამომდინარე, ტყემალაძე არ გადაგვარდა ანუ გვარი არ გამოიცვალა. ( თეატრის ხელმძღვანელობა თუ არა, ARTერი-ა მაინც წამხედურობით ითხოვს ,,კეტჩუბიან” გვარებს ტყემლიანი საწებლის ნაცვლად). არ მიყვარს კაცი გადაგვარების გზას რომ ადგება. რაც შეეხება დამარხულ ,,ანტიგონეს”, BLOGიკურად თუ ვიმსჯელებთ, ასეთი რამეები დიდი ხნით ვერ იმარხებიან, მათ ვინმე ,,მაინც ამოთხრის”.