четверг, 7 мая 2009 г.

ტყეში მხოლოდ მამაკაცებია


,,_ თუ ძმა ხარ, იქნებ წამალი მიწილადო?! გუშინ რაც მქონდა ყველა 
გამოვიყენე!» _ ამ შინაარსის თხოვნით ჩემი მეუღლე დათო მეგობრებს და პირიქით მეგობრები მას ხშირად მიმართავენ.

მსგავს საუბრებს უმეტესად სატელეფონო ხასიათი აქვს. სწორედ ამიტომ ვარ დარწმუნებული, რომ სატელეფონო საუბრებს ჩვენთან არავინ უსმენს. წინააღმდეგ შემთხვევაში სამართალდამცავები დათოს, როგორც ნარკოტიკების მოხმარებაში ეჭვმიტენილს არაერთგზის მოაკიხავდნენ.

საბედნიეროდ დათოს ნარკოტიკებთან საერთო არაფერი აქვს. უბრალოდ მას და მის მეგობრებს ყოველდღიური თოფის წამლის პრობლემა აწუხებთ.

ისე, მონადირენი მართლაც ძალიან გვანან ნარკომანებს. ისინიც მზად არიან წამლის გულისთვის უკანასკნელი გროშები გაიღონ. რამდენიმედღიანი შესვენება და სანადიროდ წაუსვლელობა მათაც თავისებურ ,,ლომკაში» აგდებს. თავად ნადირობის პროცესი კი მათთვის იმდენად სასიამოვნოა, რომ შეუძლიათ შუაღამით თბილი საწოლი დათმონ და ჭაობებსა და ტყე ღრეში, სადაც ნემსის მაგივრობას ეკლები სწევენ, ნადირი ეძებონ.

მაგრამ არის ერთი მთავარი განსხვავება: ნარკოტიკისგან განსხვავებით, ნადირობა მომხმარებელთა ჯანმრთელობაზე დადებითად მოქმედებს.

ჰოდა ამის გამო მეც არ მწყენია, როცა შვილის დაბადებისას დათო სანადიროდ იყო წასული. არც იმაზე ვბრაზები, რომ ბავშვების ძილს (ჩემსაზე აღარ ვსაუბრობ) მუდმივად ძაღლების ყეფა აფრთხობს. საერთოდ, ორ შვილთან ერთად ოთხი ძაღლის მოვლაც არ მაღიზიანებს.

პირიქით ვამაყობ კიდეც. აბა, როგორ შემეძლო არ მეამაყა, როცა მგელის გამგმირავ ჩემს მეუღლეს, მადლობის სათქმელად მგლისგან შეწუხებული მთელი სოფელი სახლში მოადგა.

დათო რომ ცნობილი მონადირეა, ხშირად მეხმარება კიდეც. საქართველოს რომელ კუთხეშიაც არ უნდა მოვხვდე (ასეთი რამ კი, ჩემი პროფესიის გამო, ხშირად ხდება) ყველგან დათოს ნაცნობ-მეგობრები მხვდებიან და მეხმარებიან. მეც ვრწმუინდები, რომ არსებობს ერთი დიდი მონადირეთა კლასი, რომელიც სხვებთან შედარებით ყველაზე შეკრული და სანდოა.

როცა ამ კლასის წარმომადგენელთა საუბარს ვისმენ, მაგალითად ხვალინდელი ნადირობის სტრატეგიის შესახებ, იმაშიც ვრწმუნდები, რომ ცხოველების თვით ზოოლოგებზე უკეთ, მონადირეებს ესმით.

მერე მეც ცნობისმოყვარეობა მიპყრობს, ასეთს რა სიამოვნებას ანიჭებს დათოს ტყეში ნადირის მოკვლა, როცა სახლში ქათამს ვერ დააკვლევინებ. ან ნადირის მონადირებით ისე როგორ ნაყრდება, რომ სახლში ნანადირევის ხორცზე პირს არ აკარებს.

ჰოდა ამდენის მნახველს და გამგონეს, არ შეიძლება ნადირობა თავდაც არ მომინდეს, თანაც ძალიან. მაგრამ მონადირეთა დაუწერელი კანონი ,,ტყეში მხოლოდ მამაკაცები არიან!» ნატვრის ახდენაში ხელს აუცილებლად შემიშლის.

Aმიტომ მაქვს წინადადება _ ცოლებმა,,მონადირეთა მეუღლეების კავშირი» შევქმნათ, ქმრებს თოფები მოვპაროთ და ჰაი და ტყეში! 

2 комментария:

  1. სამწუხაროდ ქმარი არ მყავს,თან მონადირე, თორემ აუცილებლად შემოგიერთდებოდით> :)

    ОтветитьУдалить
  2. chemtvisac axlobeli da nacnobia eg tema xo ici?
    ertaderti viszec vechvianob tevzebia..

    ОтветитьУдалить