четверг, 7 мая 2009 г.

ჰაიმვეე


,,ამან თუ მიკბინა, სულს გამაფრთხობინებს», _ შევძახე ,,გერმანული კოღოს» დანახვაზე, რომელიც ქალაქ გენზელკირხენში მდგარ ქართველთა საცხოვრებელში ჩემთვის დროებით გამოყოფილ ოთახში დანავარდობდა.

,,აქაური კოღოები არ იკბინებიან!», _ დამამშვიდა საკუთარმა ძმამ _ კობამ, რომელსაც ,,გერმანულ კოღოებთან» ურთიერთობის 5 წლიანი გამოცდილება ჰქონდა.

ძმის ნათქვამში მხოლოდ მეორე დილით დავრწმუნდი, როცა გაღვიძებულმა საკუთარ სხეულზე ერთი ნაკბენის კვალიც კი ვერ აღმოვაჩინე.

ჩავთვალე, რომ ჩემი პირველი დღე გერმანიაში კარგად დაიწყო და ჩემს გასაცილებლად მოსულ ძმას იმ დაწესებულებისკენ, სადაც ორი თვის განმავლობაში ჟურნალისტური კვალიფიკაცია უნდა ამემაღლებინა, მშვიდად გავყევი. 

თუმცა ქართველთა საცხოვრებლის ჭიშკართან მისულს გული კვლავ გადამიცივდა _ ჩემს წინ ჩემი სიმაღლის ოთხი სხვადახვა ჯიშის ძაღლი გადამეღობა.

,,აქაური ძაღლები არ იკბინებიან», _ კვლავ დამაშვიდა ძმამ, რომელსაც ამჯერად იოლად ვენდე და ნაბიჯი წინ უშიშრად გადავდგი. ძაღლებს რეაქცია არ ჰქონიათ.

დანიშნულების ადგილას მისვლამდე კობა დაუზარებლად მიხსნიდა ძაღლების ,,ურიაქციობის» მიზეზს. 

,,აქ ძაღლმა რომ ადამიანს უკბინოს პატრონს დიდი ჯარიმის გადახდა უწევს. ამიტომ ძაღლებს ადრიდანვე სპეციალურად ამუშავებენ _ ზოგს კოდავენ, ზოგს ნემსს უკეთებენ... ხომ ხედავ, ერთსაც კი არ დაუყეფია», _ ამბობდა იგი.

მე კი მის მონათხრობზე უფრო გზად მდგარი გერმანული ჭადრები მაკვირვებდა. ყველა ერთი სიმაღლის იყო და ყველას პროპორციულად ამოსული, თანაბარი რაოდენობის ტოტი ჰქონდა. ხეები ისე გავდნენ ერთმანეთს, რომ ფოთლებიც კი თანაბრად გადანაწილებული მეჩვენა.

კობამ ამიხსნა, რომ ხეებსაც აქ ძაღლებივით ,,თავის ჭკუაზე» ზრდიდნენ. 

კობას საუბარში ავტობუსი ჩვენთვის ბოლო გაჩერებაზე გაჩერდა. საათი 8 : 40 სთ-ს უჩვენებდა. ჩემი სამუშაო დღე წინასწარ მომზადებული განრიგით 8 : 45 სთ-ზე უნდა დაწყებულიყო. გაჩერებიდან ჩემთვის სამუშაოდ განკუთვნილ ოთახთან მისვლამდე ზუსტად ხუთი წუთი რომ დამჭირდა, მაშინ მივხვდი, რომ მეც სამსახურში ,,მათ ჭკუაზე» მივედი.

,,მათ ჭკუაზე» გენზელკირხენში ორი თვის განმავლობაში ვიარე. ამან ჩემს ჭკუასაც ბევრი შემატა. ინტერნეტ-ჟურნალისტიკის ცოდნის შეძენის გარდა, ,,რეერმანის პრინტ-მედიაში» (ორგანიზაცია სადაც პრაქტიკას გავდიოდი) გავიგე, რომ ჩემს სამუშაო ოთახში მომსახურე ჰერმანმა და მონიკამ, მრავალწლიანი ურთიერთობის მიუხედავად ერთმანეთის შესახებ არაფერი იცოდნენ. 

ჩემს იქ ყოფნაში ჰერმანმა და მონიკამ ერთმანეთიც გაიცვნეს და საქართველოც. ,,შენ ,,ჰაიმვეე» გჭირს!» _ დიაგნოზი დამისვა ჰერმანმა, რომელიც ჩემი წყალობით ვებ-გვერდს საქართველოს შესახებ მეცხრე გზის ათვალიერებდა. 

,ჰაიმვეე» ის დაავადებაა, რომელიც უცხო ქვეყანაში მოხეედრილ ქართველს პირველი თვეების განმავლობაში აწუხებს. ყველაფერი გეუცხოვება: ცა, ბუნება, საკვები, ადამიანები _ ასეთია ამ დაავადების სიმპტომები, რომლებიც დროსთან ერთად ქრებიან», _ მიხსნიდა მოგვიანებით საკუთარი ძმა.

იქნებ სწორედ ამ ,,ჰაიმვეეს» გამო იყო, რომ გერმანიაში პომიდორს და ქლიავს ჩემთვის ვაშლის გემო ჰქონდა, რომელიც თავის მხრივ არაფრით განსხვავდებოდა იქვე ნაყიდ კიტრისგან. 

მაგრამ აბა ,,ჰაიმვეეს» როგორ დავაბრალო, ის რომ გერმანიაში იმ ჭინჭარმაც კი არ დამსუსხა, რომელსაც სპეციალურად შევეხე.

,,ჰაიმვეესგან» განკურნებას არ დავლოდებივარ, დარჩენა შემეძლო, მაგრამ გერმანია ორ თვეში დავტოვე.

თვითმფრინავის ტრაპიდან ჩამოსვლისთანავე ქართულ მიწას ვეამბორე. 

,,რამდენი წელია, რაც აქ არ ყოფილხარ?» _ მკითხა აცრემლებულმა გამცილებელმა.

,,დიდი ხანია, ძალიან დიდი ხანია», _ ვერ გავაწბილე კითხვის ავტორი, ან კი როგორ უნდა მეთქვა, რომ გაპარჭყული ჭადრები, და მკბენარა კოღოები ძაღლები და ჭინჭრები მენატრებოდნენ.

1 комментарий:

  1. vgijdebi shenze,shens gaparchkul chadrebze,mkbenara kogoebze da chinchrebze..sheni fani var natia kuprashvilo gaige???

    ОтветитьУдалить