среда, 20 мая 2009 г.

წითელი კვერცხი გაგორდა

,,ლენინ ჟილ! ლენინ ჟივ! ლენინ ბუდეტ ჟიტ!»
მახსოვს სააღდგომო დღეებში ისტორიის მასწავლებელი ლეონტი გაკვეთილს ამ შეძახილით გვაწყვბინებდა. ჩემს ბავშვობაში ყველაფერი წითელი იყო: ყელსახვევი, დროშა, სამკერდე ნიშანი. ლეონტის წითელი ყველაფერი უყვარდა, მარტო წითელ კვერცხებს ვერ იტანდა. აღდგომის დღეებში სათითაოდ ჩამოგვივლიდა და ხელებს გვიმოწმებდა. ვაი მას, ვისაც წითელი საღებავით ექნებოდა დასვრილი. ასეთებს ლეონტი დაფასთან დაამწკრივებდა, ხელებს წინ გამოაშვერინებდა და სახაზავით სცემდა.

ეს ,,სააღდგომო რიტუალი» მერვე კლასში აღვკვეთეთ. ლეონტის ზურგზე გადაჭდობილი ხელებით პიჯაკის უკან მოქცევდა უყვარდა და მერხებს შორის ასე დადიოდა ხოლმე. ჩვენც ავდექით და შეღებილი წითელი კვერცხები პიჯაკის ჯიბეებში ჩუმად ჩავუწყვეთ. ის იყო საღებავით დასვრილი ხელების სახაზავით კიდევ უფრო დაწითლებას გვიპირებდა, რომ ერთ-ერთმა დასასჯელად გამზადებულმა შესძახა: ,,ჩვენთან რა გინდა, თვითონ წითელი კვერცხებით გაქვს ჯიბეები სავსეო!»

შეცბუნებული ლეონტი საკუთარ ჯიბეებს წვდა და იქიდან წითელი კვერცხები რომ ამოიღო, გაკვირვებულმა წამოიძახა: ,,მე კვასკვასა წითელი კვერცხი შევღებე, ეს ჩემი არ არისო!»

ისტორიის მასწავლებელზე უფრო გაკვირვებულები იმ დღეს ბავშვები ვიყავით, რადგან აღმოვაჩინეთ, რომ თვით ლეონტიც კი სააღდგომოდ კვერცხებს ღებავდა...

იმ დღეს ლეონტის ხმა აღარ ამოუღია, მის გაკვეთილზე კი მთელი ერთი საათის განმავლობაში ბავშვები სააღდგომო კვერცხებს ვაჭახუნებდით, მათი გემო არასდროს დამავიწყდება». 

ამ ისტორიას დედაჩემი სააღდგომო კვერცხების შეღებვისას ყოველთვის იხსენებს. მერე წითელ კვერცხებს გვაწვდის და აღდგომას გვილოცავს. და მიუხედავად იმისა რომ ჩემთვის სააღდგომო კვერცხს დედაჩემის მიერ ლეონტის გაკვეთილზე მირთმეული კვერცხის გემო არასდროს ექნება, დედის მოლოცვას მაინც გულწრფელად ვპასუხობ: ,,ქრისტე აღსდა! ჭეშმარიტად აღსგა!» 

1 комментарий: