
ორი სილამაზის სალონი და ერთი ჯულიეტა ქუთაისში, ჩემი ბავშვობის წლებში, ცოცხლებსა და მკვდრებს აბსოლუტურად ყოფნიდა. გარდაცვალებამდე ქუთაისლები ,,¹1 და ¹2 სილამაზის სალონებში» ლამაზდებოდნენ, გარდაცვლილებს კი მოხუცი ჯულიეტა ემსახურებოდა.
სტატისტიკის დეპარტამენტის იმერეთის რეგიონულ სამმართველოში მიმტკიცებენ, რომ ჩემი ბავშვობიდან დღემდე ჩემს მშობლიურ ქალაქში ცოცხლათა რიცვი (მიგრაციის ხარჯზე) 30% შემცირდა, და რომ გარდაცვალების შემთხვევების სტატაისტიკაც დაღმავალია. თუმცა ამის დაჯერება, სარიტუალო და სილამაზის სალონების რიცხვის გათვალიწინებით, ძნელია.
მას შემდეგ რაც ქუთაისში სილამაზის სალონთა რიცხვმა ოცდაათს გადააჭარბა სალონთა დანომვრამ აზრი დაკარგა. დღეს ქალაქში ხუთასზე მეტი ნაირ-ნაირი სახელწოდების სალონი ფუნქციონირებს. სახელთაგან ყველაზე მოკლე ერთასოიანია: ,,L» ყველაზე გრძელი კი სადღეგრძელოსავით ჟღერს: ,,სილამაზე, ჯანმრთელობა, დღეგრძელობა».
სილამაზის სალონთა გაზრდილ რაოდენობასთან ვერ მოვა სარიტუალო დანიშნულების სალონთა რიცხვი, თუმცა ,,ერთი ჯულიეტას ბაზაზე» ოცამდე ჯულიეტას საქმის მიმდევარი ოფისის გახსნა მაინც საყურადღებოა. არის კიდევ ერთი მთავარი მიზეზი, რაც სილამაზის სალონებზე საუბრისას ,,სარიტუალო საქმეს» მახსენებს: მომსახურების მსგავსი სერვისი.
მაკიაჟი, ვარცხნილობა, ,,მანიკური» ,,პედიკური», თაიგულის დამზადება და თქვენ წარმოიდგინეთ ყინულის თერაპიაც კი _ მომსახურების ის სახეობებია, რომლებსაც გარდაცვლილებსა და ცოცხლებს განურჩევლად სთავაზობენ. განსხვავება მხოლოდ ფასებშია. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს. მიცვალებულთა მოვლა-გალამაზება, ალბათ პროცედურის განუმეორებლობის გამო, ცოცხლებზე ორჯერ ძვირი ჯდება.
კლიენტი ზემოთხსენებული ორი საპატიო საქმით დაკავებეულ დაწესებულებებს არსდროს აკლია. მეტიც მხარის საგადასახადო სამსახურში ერთ-ერთ საპატიო თანამდებობაზე მომსახურე მეგობარი მე და ჩემს დანარჩენ მეგობრებს ,,ფულის ჩადებას» სწორედ ,,სალონურ ბიზნესში» გვირჩევს. ,,ამ საქმეში ჯერ არავის არაფერი წაუგია», _ გვარწმნებს იგი.
აღნიშნული რჩევა ბოლო დროს ,,მეგობარმა» ახალი ნოვატორული იდეით გაამდიდრა. ,,კარგი იქნება თუ თქვენს მიერ გახსნილი სალონი სარიტუალო და სადღესასწაულო მომსახურებას მომხმარებლებს ერთობლივად შესთავაზებს», _ გვირჩია მან.
,,მეგობრის» რჩევა თავიდან უხერხული მეჩვენა. მაგრამ, როცა გუშინ შევნიშნე, თუ როგორ მიაცილებდა სარიტუალო მომსახურებაგამოვლილ მიცვალებულს სილამაზის სალონგამოვლილი ხალხი, მივხვდი, რომ ახალ იდეაში მიუღებელი არაფერი იყო.
მივხვდი იმასაც, თუ რა უნდა ვუპასუხო კითხვას, რომელსაც ქალაქიდან გასულს ხშირად მისვამდნენ და რომელზეც პასუხს ვერასდროს ვპოულობდი. მარტივ კითხვას ,,რა ხდება ქუთაისში?», პასუხიც მარტივი აქვს _ ,,ვკვდებით და ვლამაზდებით»!
ro kvdebian xo,magram lamazdeba ki vinme qutaisshi???
ОтветитьУдалить