
ვალოდია გერლიანს პირველად თითქმის ერთი წლის წინ შევხვდი. მხარბეჭიანი, დაწყობილულვაშიანი მოხუცი, რომელზეც ვერაფრით იფირებდი, რომ მისი ასაკი 80 წელს აღწევდა, ქუთაისში კოდორიდან დევნილთა ბოლო ნაკადს ჩამოყვა.
2008 წლის აგვისტოს ომის დროს დასავლეთ საქართველოს ეს ქალაქი დევნილებს მთელი საქართველოდან იღებდა, თუმცა მეტი ნაწილი სწორედ ე.წ. ,,ზემო აფხაზეთიდან» _ კოდორის ხეობიდან იყო, რომლიც დღემდე ოკუპირებულია.. მაშინ საქართევლოში შექმნილი ექსტრემალური სიტუაციის გამო ძირითადად ოპერატიული იფნორმაციის მოპოვებითა და გავრცელებით ვიყავი დაკავებული, ამიტომ ვალოდია გერლიანის ვრცელი კომენტარები ვერც ჩემს მასალაში მოხვდა.
ვალოდია კი საშინლად ბრაზობდა, ამბობდა, რომ მეომარ კაცს, რომელსაც წლების განმავლობაში ხეობის დაცვა არ გაჭირვებია, სახლი უბრძოლველად დაატოვებინეს. მთიდან ფეხით ჩამოსული მთასავით კაცი, იდგა და სხვა დევნილებისგან განსხვავებით, ჟურნალისტებს, თავშესაფრის ძებნის ნაცვლად, იმაზე გვიყვებოდა, თუ ,,როგორი სირცხვილი აჭამა საკუთარმა ხელისუფლებამ».
ვალოდიას იმ დღეს ბევრი ვერ ევსაუბრე, თუმცა გადავწყვიტე, რომ მასთან აუცილებლად დავბრუნდებოდი. დაბრუნება კი მხოლოდ ერთი წლის თავზე შევძელი.
ამ დროისთვის ვალოდია სხვა კოდორიდან დევნილებთან ერთად საქართველოს ხელსიუფლაბას ქუთაისში ახლადგარემონტებულ კორპუსში შეესახლებინა. მთა-გორიანი და სალ კლდეებიანი ზემო აფხაზეთის დიდი სოფლები, მათ შორის სოფელი აჟარაც, საიდანაც ვალოდიაა, მთლიანად ამ ერთ კორპუსში დაეტია. ვალოდია გერლიანი აქ 53-ე ოთხაში ცხოვრობს.
53-ე ოთახი მართლაც მხოლოდ ერთი ოთახი აღმოჩნდა, რომლის კუთხეში მდგარ საწოლზე ვალოდიას ეძინა. იგი ნაკლებად გავდა იმ მთა კაცს, რომლიც ერთი წლის წინ მთიდან ჩამოვიდა. ვალოდიას ქალიშვილს მზეონას მისი გაღვიძება გაუჭირდა.
,,ამ ერთ წელიწადში ორი ინფარქტი გადაიტანა, ახლა წამლები აქვს დალეული, და გაღვიძება უჭირს. იქნებ სამი საათის შემდეგ მოხვიდეთ», _ ითხოვა მზეონამ.
სამი საათის შემდეგ ვალოდია კოხტად ჩაცმული და ფეხზე დამდგარი დაგვიხვდა, თუმცა მის დგომასაც და ხმასაც სისუსტე შეპარვოდა. ზღვის დონიდან 1500 მეტრის სიმაღლეზე მდებარე სოფელ აჟარაში დაბადებიდან მცხოვრებ კაცს, ზღვის დონიდან 300 მეტრზე მდებარე ქუთაისში ერთი წლის ცხოვრებას თავისი კვალი სახის ფერზეც კი დაეტყო. ექიმებსაც ის დაუსკვნიათ, რომ ვალდია გერლიანის, რომელსაც ექიმი დევნილობამდე არასდროს დაჭირვებია, მოულოდნელი ავადმყოფობის მიზეზი ,,კლიმატისა და კვეიბის რაციონის მკვეთრი ცვლა და ნერვული სტრესი» იყო.
აჟარაში ვალოდიამ დიდ ეზო-გარემოსთან და სამ სახლთან ერთად, 10 ძროხა, 12 ხარი, 30-მდე შინაური ფრინველი და 10 ჰექტარი სახნავ-სათიბი დატოვა, 200 ძირი კაკლის ხითა და ვაშლის პლანტაციით, სადაც 20 ტონაზე მეტი ხილი იკრიფებოდა. ამ ქონების წყალობით მიღებული კვების რაციონი არაფრით გავს ჰუმანიტარული დახმარებით მიღებილ ფქვილს, შაქარს, მაკარონსა და ზეთს, რომლიც ვალოდიას ახლა თვეში ერთხელ ეძლევა. სხვა დევნილების მსაგვსად ვალოდასაც დღეს 28 ლარიანი შემწეობისა და 75 ლარიანი პენსიის ამარა, ოთახში გამოკეტილს უწევს ცხოვრება. მაგრამ ვალოდიას დღესაც გაჭირვებაზე საუბარს, კოდორის ხეობაზე საუბარი ურჩევნია:
,,შვილო, კოდორი აუღებელი ხეობა იყო. იქ ბუზიც კი ვერ შეფრინდებოდა, ჩვენი ნებართვის გარეშე», _ ნელი საუბრით გვიხსნის მოხუცი, _ ,,საზღვარზე გადმოსასვლელი ყველა ბილიკი ზეპირად ვიცოდით. მე სანამ ასაკი მომემატებოდა, ბატალიონ ,,მონადირეს» ვმეთაურობდი.Kკაციც და ქალიც ხეობაში მეომარი იყო და ასე შევძელით 16 წლის განმავლობაში ხეობის დაცვა. მაგრამ ორი წლის წინ ჩვენმა პრეზიდნეტმა ბატალიონი ,,მონადირე» განაიარაღა და ყველას იარაღის ჩაბარება მოგვთხოვა. ჩვენც დავემორჩილეთ, რადგან გვეგონა, რომ ქართული პოლიცია უკეთ დაგვიცავდა», _ საუბარში ღელვა ემატება მოხუცს, რომელიც 2006 წლის მოვლენებს იხსენებს, როცა მიხეილ სააკაშვილმა კოდორის ხეობაში ადგილობირვეით დაკომპლექტებული შეიარაღებული ფორმირება ,,მონადირე» განაიარაღა, კოდორის ხეობას ზემო აფხაზეთი დაარქვა და საქართევლოს პოლიციის კონტროლს დაუქვემდებარა.
,,და რა მოვიღეთ: წინ ჯარი გამორბოდა, მთავრობასთან ერთად და უკან ხალხი მოვზდევდით. უიარაღოებს თავის დაცვაც კი არ შეგვეძლო.Aარავის გავუფრთხილებივართ, ყველაფერი მოულოდნელად დაბომბვით დაიწყო და აფხაზურ-რუსული ჯარის შემოსვლით დამთავრდა. რატომ მოგვექცნენ ასე, რატომ მაჭამეს ასეთი სირცხვილი ამ სიბერეში?», _ მკითხა მოხუცმა და თავი ძირს დახარა.
ყველა კოდორელი ხეობის ოკუპირებას მართლაც საკუთარ სირცხვილად აღიქვამს. ამ კორპუსის მაცხოვრებლებიც, ვალოდიას მსგავსად დაკარგული სახლ-კარისა და ხეობიდან წამოსვლის გამო გიბოდიშებენ. წუხან, რომ ტრადიციული სვანური კერძებით ვერ გიმასპინძლდებიან და ეს წუხილი იმდენად გულწრფელია, რომ თვით ვალოდიასაც თავს ძირს ახრევინებს.
ვალოდიაც სხვა დევნილების მსგავსად იმაზე ფიქრობს, რა ხდება ახლა შინ? მოსავლის აღების დრო ახლოვდება, ვინ აიღებს მის მოსავალს? ან გასულ ზამთარს სახლის სახურავმა როგორ გაუძლო? დატოვებულ საქონელზე აღარ ფიქრობს, ,,ძროხებს და ხარებს ვინ დააყენებდა, ან შეჭამდნენ რუსის ჯარისკაცები, ან გაუყენებდნენ აფხაზეთის გზას», _ ვარაუდობს ვალოდია. მისი აზრით სახლებსაც უკვე გაძარცვავდნენ, ,,საწოლიც რომ არ დამხვდეს, იატაკზეც კი უფრო გემრელად დავიძინებდი, ვიდრე აქ მძინავსო», _ ამბობს მოხუცი.
,,მთავრობა აქაც დაგვპირდა დასამუშავებელი მიწის გამოყოფას და ერთი ძროხის ჩუქებას. Eეგეც რომ მომცენ, გულს გადავაყოლებდი. მაგრამ ჯერ არაფერი ჩანს. მარტო თოხები და ბარები დაგვირიგეს და კი მაქვს შენახული. აბა ასფალტს ხომ არ გავთოხნი», _ მუშაობა ენატრება მოხუცს.
შრომასთან ერთად ნადირობაც მოენატრა ძველ მონადირეს. რამდენიმე მოკლული დათვი და ჯიხვი არის ვალოდია გერლიანის ანგარიშზე, ახლა მხოლოდ სიზმრებში ხედავს, მშობლიურ ხეობაში როგორ ნადირობს.
და საფლავებსაც _ ბებიებისა და ბაბუების, მშობლების, ცოლისა და შვილების საფლავებს, რომელთაც უკანასკნელად ხეობის დატოვების დღეს მოეფერა.
,,დღესვე დავბრუნდებოდი, ფეხითაც კი დავბრუნდებოდი, თუნდაც ვიცოდე, რომ შეიძლება მომკლან. ოღონდ კი მითხრან, რომ იქ დაბრუნებულს აქ მოღალატედ არ შემრაცხავენ», _ ამბობს ვალოდია.
Комментариев нет:
Отправить комментарий