суббота, 23 мая 2009 г.

მე და ის


მე და ის ერთ ქვეყანაში, ერთსა და იმავე წელს, ერთნაირი სიდიდის ქალაქში დავიბადეთ. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ერთი სქესი გვაქვს და მოგვიანებით ერთი და იგივე პროფესია ავირჩიეთ, წესით ერთმანეთის მსგავსი პირობები და შესაძლებლობები უნდა გვქონოდა. მაგრამ პირობები, რომელშიც მე და მას დღეს გვიწევს ცხოვრება, ერთმანეთისგან კარდინალურად განსხვდება.
ეს განსხვავება ჩემთვის მაშინ გახდა თვალშისაცემი, როცა მას პირველად შევხვდი. მე მაშინ სოჭში ქუთაისიდან, საქართველოს სხვადასხვა რეგიონების წარმომადგენელ ჟურნალისტებთან ერთად ვლადიკავკაზის გავლით ჩავედი. იგი კი სოხუმში მცხოვრებ ჟურნალისტებთან ერთად იმ გზით ჩამოვიდა, რომლითაც ადრე ჩვენც ვსარგებლობდით. და მიუხედავად იმისა, რომ ჩემი გზა მისაზე გაცილებით გრძელი იყო, დრო ამ გზის გავლისთვის ლამის თანაბარი დაგვჭირდა.
მოგვიანებით იგი მიყვებოდა, რა ნელა დადის მატარებელი სოხუმიდან სოჭამდე შემორჩენილ ლიანდაგებზე. მიყვებოდა, თუ რამდენ სირთულესთანაა დაკავშირებული იმ ერთადერთი საზღვრის გადალახვა, რომელიც მისთვის ხანდახან მაინც შეიძლება გაიღოს. რომ ესეც კი რთულია, თუნდაც იმიტომ რომ მას პასპორტი არ აქვს. თუმცა ამას ყველაფერს ისე ყვებოდა, რომ არ წუწუნებდა.
მის მიერ დაწერილი თითქმის ყველა სტატია, რომელიც კონფლიქტით დაშორებული ჟურნალისტების თანამშრომლობით გამომავალ ერთადერთ გაზეთ ,,პანორამაში» იბეჭდებოდა, იგი ცდილობდა მოეთხრო როგორ ვითარდებოდა ქალაქი, სადაც ცხოვრობს. თუმცა ამ მცდელობას უნებურად ახლდა იმ მძიმე პიროებების აღიარება, რომელიც ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაშია შექმნილი.
ერთგან იგი ყვებოდა ტურიზმის განვითარებაზე, მაგრამ იმავე სტატიაში მოყვანილი ციფრები და რესპონდენტები, საუბრობდნენ იმ შიშზე რომელიც სოხუმში დასვენებას ახლავს თან, რის გამოც რუსეთის მოქალაქეთა დიდი ნაწილი (ტურიზმი ხომ აქ სწორედ რუსეთის მოქალაქეებით შემოიფარგლება) სოხუმში ჩასვლას ვერ ბედავს.
სხვა სტატია განათლების სისტემაზე წერდა, სტატიაში არაფერი იყო ნათქვამი, იმაზე, რომ სოხუმში განათლებამიღებულებს, მხოლოდ ადგილზე დასაქმების პერსპექტივა თუ აქვთ. რომ მხოლოდ ერთეულებს უმართლებთ და რუსეთში ხვდებიან. ეს უკვე სხვა სტატიაში იკითხებოდა, სადაც რუსეთის უნივერსიტეტში განათლებამიღებულების კონგრესს სოხუმში ისე ხვდებოდნენ, როგორც დიდ საერთაშორისო კონფერენციას.
თითოეულ მის სტატიაში თუ მონათხრობში იკითხებოდა ის, რომ მისთვის სამყარო სოხუმითა და რუსეთით შემოიფარგლება, და მორჩა. სხვა მისთვის დახურულია.
ბოლო დროს მისთვის რაღაც რაღაც კარებებს ხსნიან. პირველად ღრმად იმ სტატიაში ამოსიუნთქა, რომელიც სოჭის ოლიმპიურ ქალაქად გამოცხადებას ეხებოდა. მისი ამ წერილის ყველა სიტყვაში იმედი ყვიროდა,: იმედი, რომ მისი დედა ან მამა, ან თუნდაც მეზობელი ბოლოს და ბოლოს დროებით მაინც დასაქმდება, იმისა, რომ მისი ქალაქის ცხოვრებაზე სოჭის ოლიმპიადა რაღაცით მაინც შეიძლება აისახოს. რომ რაღაცას იყიდიან, გაყიდიან, რამეს ააშენებენ...
ერთდროულად ბრაზი და სიხარული _ აი რას ვგრძნობ, როცა სოხუმთან დაკავშირებულ რუსეთის ახალ-ახალი გეგმების შესახებ ვიღებ ხოლმე ინფორმაციას. საშინლად ვბრაზობ, იმის გამო, რომ იქ, ჩემი ქვეყნის მოქალაქეებს, რუსეთის პასპორტები ურიგდებათ, მაგრამ ისიც მახსენდება, თუ როგორ უჭირდა მას პასპორტის საერთოდ არ ქონის გამო. საშინლად ვბრაზობ, როცა ვიცი, რომ სარკინიგზო გზის აღდგენით სამუშაოებს რუსეთის მთავრობა ჩემივე ქვეყნის ტერიოტრიაზე ჩემი ხელისუფლების დაუკითხვად აწარმოებს, მაგრამ ისიც მახსენდება, თუ როგორ უჭირთ კონფლიქტის ზონაში მცხოვრებ ჩემს თანამოქალაქეებს დანგრეულ რკინიგზაზე მგზავრობა. საშინლად ვბრაზდები, როცა რუსულ ტელეარხებზე სოხუმში დასვენების შესახებ რეკლამას ვხედავ, მაგრამ თან მახსოვს, რომ თუნდაც ერთი ტურისტი რას ნიშნავს იქ მცხოვრები რიგითი ადამიანებისთვის, რომელთაც ჩემი არ იყოს, მხოლოდ ერთი სიცოცხლე აქვთ. სიბრაზე მახრჩობს იმის გამო, რომ რუსეთი ჩემი ქვეყნის დაკარგულ ტერიოტირაზე მაცხოვრბელეთათვის ,,უსაფრთხოების მფარველად» იქცა. თუმცა ისიც მახსოვს, თუ როგორ ჯერა მას და მის თანაქალაქელებს, რომ საფრთხე სწორედ საქართევლოდან მომდინარეობს, როგორ ეშინიათ თავდასხმის, ახალი ომის.
ეს ლამის ერთადერთია, რაც დღეს მე და მას საერთო გავქვს _ ახალი ომის შიში. მახსოვს სადღეგრძელო, რომელიც ერთად ვთქვით: ქართულ-აფხაზურ კონფლიქტში ორივე მხარეს დაღუპულებისა და იმის სურვილის, რომ ჩემსა და მის შვილებს ერთმანეთის პირისპირ დგომა ომში აღარ მოუხდეთ. თორემ ორივემ ვიცით, რომ მეც და ისიც შვილებს სწორედ ამგვარი საჭიროებისთვის ვზრდით.

среда, 20 мая 2009 г.

წითელი კვერცხი გაგორდა

,,ლენინ ჟილ! ლენინ ჟივ! ლენინ ბუდეტ ჟიტ!»
მახსოვს სააღდგომო დღეებში ისტორიის მასწავლებელი ლეონტი გაკვეთილს ამ შეძახილით გვაწყვბინებდა. ჩემს ბავშვობაში ყველაფერი წითელი იყო: ყელსახვევი, დროშა, სამკერდე ნიშანი. ლეონტის წითელი ყველაფერი უყვარდა, მარტო წითელ კვერცხებს ვერ იტანდა. აღდგომის დღეებში სათითაოდ ჩამოგვივლიდა და ხელებს გვიმოწმებდა. ვაი მას, ვისაც წითელი საღებავით ექნებოდა დასვრილი. ასეთებს ლეონტი დაფასთან დაამწკრივებდა, ხელებს წინ გამოაშვერინებდა და სახაზავით სცემდა.

ეს ,,სააღდგომო რიტუალი» მერვე კლასში აღვკვეთეთ. ლეონტის ზურგზე გადაჭდობილი ხელებით პიჯაკის უკან მოქცევდა უყვარდა და მერხებს შორის ასე დადიოდა ხოლმე. ჩვენც ავდექით და შეღებილი წითელი კვერცხები პიჯაკის ჯიბეებში ჩუმად ჩავუწყვეთ. ის იყო საღებავით დასვრილი ხელების სახაზავით კიდევ უფრო დაწითლებას გვიპირებდა, რომ ერთ-ერთმა დასასჯელად გამზადებულმა შესძახა: ,,ჩვენთან რა გინდა, თვითონ წითელი კვერცხებით გაქვს ჯიბეები სავსეო!»

შეცბუნებული ლეონტი საკუთარ ჯიბეებს წვდა და იქიდან წითელი კვერცხები რომ ამოიღო, გაკვირვებულმა წამოიძახა: ,,მე კვასკვასა წითელი კვერცხი შევღებე, ეს ჩემი არ არისო!»

ისტორიის მასწავლებელზე უფრო გაკვირვებულები იმ დღეს ბავშვები ვიყავით, რადგან აღმოვაჩინეთ, რომ თვით ლეონტიც კი სააღდგომოდ კვერცხებს ღებავდა...

იმ დღეს ლეონტის ხმა აღარ ამოუღია, მის გაკვეთილზე კი მთელი ერთი საათის განმავლობაში ბავშვები სააღდგომო კვერცხებს ვაჭახუნებდით, მათი გემო არასდროს დამავიწყდება». 

ამ ისტორიას დედაჩემი სააღდგომო კვერცხების შეღებვისას ყოველთვის იხსენებს. მერე წითელ კვერცხებს გვაწვდის და აღდგომას გვილოცავს. და მიუხედავად იმისა რომ ჩემთვის სააღდგომო კვერცხს დედაჩემის მიერ ლეონტის გაკვეთილზე მირთმეული კვერცხის გემო არასდროს ექნება, დედის მოლოცვას მაინც გულწრფელად ვპასუხობ: ,,ქრისტე აღსდა! ჭეშმარიტად აღსგა!» 

среда, 13 мая 2009 г.

სალონური ცხოვრება


ორი სილამაზის სალონი და ერთი ჯულიეტა ქუთაისში, ჩემი ბავშვობის წლებში, ცოცხლებსა და მკვდრებს აბსოლუტურად ყოფნიდა. გარდაცვალებამდე ქუთაისლები ,,¹1 და ¹2 სილამაზის სალონებში» ლამაზდებოდნენ, გარდაცვლილებს კი მოხუცი ჯულიეტა ემსახურებოდა.  

სტატისტიკის დეპარტამენტის იმერეთის რეგიონულ სამმართველოში მიმტკიცებენ, რომ ჩემი ბავშვობიდან დღემდე ჩემს მშობლიურ ქალაქში ცოცხლათა რიცვი (მიგრაციის ხარჯზე) 30% შემცირდა, და რომ გარდაცვალების შემთხვევების სტატაისტიკაც დაღმავალია. თუმცა ამის დაჯერება, სარიტუალო და სილამაზის სალონების რიცხვის გათვალიწინებით, ძნელია.

მას შემდეგ რაც ქუთაისში სილამაზის სალონთა რიცხვმა ოცდაათს გადააჭარბა სალონთა დანომვრამ აზრი დაკარგა. დღეს ქალაქში ხუთასზე მეტი ნაირ-ნაირი სახელწოდების სალონი ფუნქციონირებს. სახელთაგან ყველაზე მოკლე ერთასოიანია: ,,L» ყველაზე გრძელი კი სადღეგრძელოსავით ჟღერს: ,,სილამაზე, ჯანმრთელობა, დღეგრძელობა».

სილამაზის სალონთა გაზრდილ რაოდენობასთან ვერ მოვა სარიტუალო დანიშნულების სალონთა რიცხვი, თუმცა ,,ერთი ჯულიეტას ბაზაზე» ოცამდე ჯულიეტას საქმის მიმდევარი ოფისის გახსნა მაინც საყურადღებოა. არის კიდევ ერთი მთავარი მიზეზი, რაც სილამაზის სალონებზე საუბრისას ,,სარიტუალო საქმეს» მახსენებს: მომსახურების მსგავსი სერვისი.

მაკიაჟი, ვარცხნილობა, ,,მანიკური» ,,პედიკური», თაიგულის დამზადება და თქვენ წარმოიდგინეთ ყინულის თერაპიაც კი _ მომსახურების ის სახეობებია, რომლებსაც გარდაცვლილებსა და ცოცხლებს განურჩევლად სთავაზობენ. განსხვავება მხოლოდ ფასებშია. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს. მიცვალებულთა მოვლა-გალამაზება, ალბათ პროცედურის განუმეორებლობის გამო, ცოცხლებზე ორჯერ ძვირი ჯდება.  

კლიენტი ზემოთხსენებული ორი საპატიო საქმით დაკავებეულ დაწესებულებებს არსდროს აკლია. მეტიც მხარის საგადასახადო სამსახურში ერთ-ერთ საპატიო თანამდებობაზე მომსახურე მეგობარი მე და ჩემს დანარჩენ მეგობრებს ,,ფულის ჩადებას» სწორედ ,,სალონურ ბიზნესში» გვირჩევს. ,,ამ საქმეში ჯერ არავის არაფერი წაუგია», _ გვარწმნებს იგი.

აღნიშნული რჩევა ბოლო დროს ,,მეგობარმა» ახალი ნოვატორული იდეით გაამდიდრა. ,,კარგი იქნება თუ თქვენს მიერ გახსნილი სალონი სარიტუალო და სადღესასწაულო მომსახურებას მომხმარებლებს ერთობლივად შესთავაზებს», _ გვირჩია მან. 

,,მეგობრის» რჩევა თავიდან უხერხული მეჩვენა. მაგრამ, როცა გუშინ შევნიშნე, თუ როგორ მიაცილებდა სარიტუალო მომსახურებაგამოვლილ მიცვალებულს სილამაზის სალონგამოვლილი ხალხი, მივხვდი, რომ ახალ იდეაში მიუღებელი არაფერი იყო.

მივხვდი იმასაც, თუ რა უნდა ვუპასუხო კითხვას, რომელსაც ქალაქიდან გასულს ხშირად მისვამდნენ და რომელზეც პასუხს ვერასდროს ვპოულობდი. მარტივ კითხვას ,,რა ხდება ქუთაისში?», პასუხიც მარტივი აქვს _ ,,ვკვდებით და ვლამაზდებით»! 

четверг, 7 мая 2009 г.

ტყეში მხოლოდ მამაკაცებია


,,_ თუ ძმა ხარ, იქნებ წამალი მიწილადო?! გუშინ რაც მქონდა ყველა 
გამოვიყენე!» _ ამ შინაარსის თხოვნით ჩემი მეუღლე დათო მეგობრებს და პირიქით მეგობრები მას ხშირად მიმართავენ.

მსგავს საუბრებს უმეტესად სატელეფონო ხასიათი აქვს. სწორედ ამიტომ ვარ დარწმუნებული, რომ სატელეფონო საუბრებს ჩვენთან არავინ უსმენს. წინააღმდეგ შემთხვევაში სამართალდამცავები დათოს, როგორც ნარკოტიკების მოხმარებაში ეჭვმიტენილს არაერთგზის მოაკიხავდნენ.

საბედნიეროდ დათოს ნარკოტიკებთან საერთო არაფერი აქვს. უბრალოდ მას და მის მეგობრებს ყოველდღიური თოფის წამლის პრობლემა აწუხებთ.

ისე, მონადირენი მართლაც ძალიან გვანან ნარკომანებს. ისინიც მზად არიან წამლის გულისთვის უკანასკნელი გროშები გაიღონ. რამდენიმედღიანი შესვენება და სანადიროდ წაუსვლელობა მათაც თავისებურ ,,ლომკაში» აგდებს. თავად ნადირობის პროცესი კი მათთვის იმდენად სასიამოვნოა, რომ შეუძლიათ შუაღამით თბილი საწოლი დათმონ და ჭაობებსა და ტყე ღრეში, სადაც ნემსის მაგივრობას ეკლები სწევენ, ნადირი ეძებონ.

მაგრამ არის ერთი მთავარი განსხვავება: ნარკოტიკისგან განსხვავებით, ნადირობა მომხმარებელთა ჯანმრთელობაზე დადებითად მოქმედებს.

ჰოდა ამის გამო მეც არ მწყენია, როცა შვილის დაბადებისას დათო სანადიროდ იყო წასული. არც იმაზე ვბრაზები, რომ ბავშვების ძილს (ჩემსაზე აღარ ვსაუბრობ) მუდმივად ძაღლების ყეფა აფრთხობს. საერთოდ, ორ შვილთან ერთად ოთხი ძაღლის მოვლაც არ მაღიზიანებს.

პირიქით ვამაყობ კიდეც. აბა, როგორ შემეძლო არ მეამაყა, როცა მგელის გამგმირავ ჩემს მეუღლეს, მადლობის სათქმელად მგლისგან შეწუხებული მთელი სოფელი სახლში მოადგა.

დათო რომ ცნობილი მონადირეა, ხშირად მეხმარება კიდეც. საქართველოს რომელ კუთხეშიაც არ უნდა მოვხვდე (ასეთი რამ კი, ჩემი პროფესიის გამო, ხშირად ხდება) ყველგან დათოს ნაცნობ-მეგობრები მხვდებიან და მეხმარებიან. მეც ვრწმუინდები, რომ არსებობს ერთი დიდი მონადირეთა კლასი, რომელიც სხვებთან შედარებით ყველაზე შეკრული და სანდოა.

როცა ამ კლასის წარმომადგენელთა საუბარს ვისმენ, მაგალითად ხვალინდელი ნადირობის სტრატეგიის შესახებ, იმაშიც ვრწმუნდები, რომ ცხოველების თვით ზოოლოგებზე უკეთ, მონადირეებს ესმით.

მერე მეც ცნობისმოყვარეობა მიპყრობს, ასეთს რა სიამოვნებას ანიჭებს დათოს ტყეში ნადირის მოკვლა, როცა სახლში ქათამს ვერ დააკვლევინებ. ან ნადირის მონადირებით ისე როგორ ნაყრდება, რომ სახლში ნანადირევის ხორცზე პირს არ აკარებს.

ჰოდა ამდენის მნახველს და გამგონეს, არ შეიძლება ნადირობა თავდაც არ მომინდეს, თანაც ძალიან. მაგრამ მონადირეთა დაუწერელი კანონი ,,ტყეში მხოლოდ მამაკაცები არიან!» ნატვრის ახდენაში ხელს აუცილებლად შემიშლის.

Aმიტომ მაქვს წინადადება _ ცოლებმა,,მონადირეთა მეუღლეების კავშირი» შევქმნათ, ქმრებს თოფები მოვპაროთ და ჰაი და ტყეში! 

ჰაიმვეე


,,ამან თუ მიკბინა, სულს გამაფრთხობინებს», _ შევძახე ,,გერმანული კოღოს» დანახვაზე, რომელიც ქალაქ გენზელკირხენში მდგარ ქართველთა საცხოვრებელში ჩემთვის დროებით გამოყოფილ ოთახში დანავარდობდა.

,,აქაური კოღოები არ იკბინებიან!», _ დამამშვიდა საკუთარმა ძმამ _ კობამ, რომელსაც ,,გერმანულ კოღოებთან» ურთიერთობის 5 წლიანი გამოცდილება ჰქონდა.

ძმის ნათქვამში მხოლოდ მეორე დილით დავრწმუნდი, როცა გაღვიძებულმა საკუთარ სხეულზე ერთი ნაკბენის კვალიც კი ვერ აღმოვაჩინე.

ჩავთვალე, რომ ჩემი პირველი დღე გერმანიაში კარგად დაიწყო და ჩემს გასაცილებლად მოსულ ძმას იმ დაწესებულებისკენ, სადაც ორი თვის განმავლობაში ჟურნალისტური კვალიფიკაცია უნდა ამემაღლებინა, მშვიდად გავყევი. 

თუმცა ქართველთა საცხოვრებლის ჭიშკართან მისულს გული კვლავ გადამიცივდა _ ჩემს წინ ჩემი სიმაღლის ოთხი სხვადახვა ჯიშის ძაღლი გადამეღობა.

,,აქაური ძაღლები არ იკბინებიან», _ კვლავ დამაშვიდა ძმამ, რომელსაც ამჯერად იოლად ვენდე და ნაბიჯი წინ უშიშრად გადავდგი. ძაღლებს რეაქცია არ ჰქონიათ.

დანიშნულების ადგილას მისვლამდე კობა დაუზარებლად მიხსნიდა ძაღლების ,,ურიაქციობის» მიზეზს. 

,,აქ ძაღლმა რომ ადამიანს უკბინოს პატრონს დიდი ჯარიმის გადახდა უწევს. ამიტომ ძაღლებს ადრიდანვე სპეციალურად ამუშავებენ _ ზოგს კოდავენ, ზოგს ნემსს უკეთებენ... ხომ ხედავ, ერთსაც კი არ დაუყეფია», _ ამბობდა იგი.

მე კი მის მონათხრობზე უფრო გზად მდგარი გერმანული ჭადრები მაკვირვებდა. ყველა ერთი სიმაღლის იყო და ყველას პროპორციულად ამოსული, თანაბარი რაოდენობის ტოტი ჰქონდა. ხეები ისე გავდნენ ერთმანეთს, რომ ფოთლებიც კი თანაბრად გადანაწილებული მეჩვენა.

კობამ ამიხსნა, რომ ხეებსაც აქ ძაღლებივით ,,თავის ჭკუაზე» ზრდიდნენ. 

კობას საუბარში ავტობუსი ჩვენთვის ბოლო გაჩერებაზე გაჩერდა. საათი 8 : 40 სთ-ს უჩვენებდა. ჩემი სამუშაო დღე წინასწარ მომზადებული განრიგით 8 : 45 სთ-ზე უნდა დაწყებულიყო. გაჩერებიდან ჩემთვის სამუშაოდ განკუთვნილ ოთახთან მისვლამდე ზუსტად ხუთი წუთი რომ დამჭირდა, მაშინ მივხვდი, რომ მეც სამსახურში ,,მათ ჭკუაზე» მივედი.

,,მათ ჭკუაზე» გენზელკირხენში ორი თვის განმავლობაში ვიარე. ამან ჩემს ჭკუასაც ბევრი შემატა. ინტერნეტ-ჟურნალისტიკის ცოდნის შეძენის გარდა, ,,რეერმანის პრინტ-მედიაში» (ორგანიზაცია სადაც პრაქტიკას გავდიოდი) გავიგე, რომ ჩემს სამუშაო ოთახში მომსახურე ჰერმანმა და მონიკამ, მრავალწლიანი ურთიერთობის მიუხედავად ერთმანეთის შესახებ არაფერი იცოდნენ. 

ჩემს იქ ყოფნაში ჰერმანმა და მონიკამ ერთმანეთიც გაიცვნეს და საქართველოც. ,,შენ ,,ჰაიმვეე» გჭირს!» _ დიაგნოზი დამისვა ჰერმანმა, რომელიც ჩემი წყალობით ვებ-გვერდს საქართველოს შესახებ მეცხრე გზის ათვალიერებდა. 

,ჰაიმვეე» ის დაავადებაა, რომელიც უცხო ქვეყანაში მოხეედრილ ქართველს პირველი თვეების განმავლობაში აწუხებს. ყველაფერი გეუცხოვება: ცა, ბუნება, საკვები, ადამიანები _ ასეთია ამ დაავადების სიმპტომები, რომლებიც დროსთან ერთად ქრებიან», _ მიხსნიდა მოგვიანებით საკუთარი ძმა.

იქნებ სწორედ ამ ,,ჰაიმვეეს» გამო იყო, რომ გერმანიაში პომიდორს და ქლიავს ჩემთვის ვაშლის გემო ჰქონდა, რომელიც თავის მხრივ არაფრით განსხვავდებოდა იქვე ნაყიდ კიტრისგან. 

მაგრამ აბა ,,ჰაიმვეეს» როგორ დავაბრალო, ის რომ გერმანიაში იმ ჭინჭარმაც კი არ დამსუსხა, რომელსაც სპეციალურად შევეხე.

,,ჰაიმვეესგან» განკურნებას არ დავლოდებივარ, დარჩენა შემეძლო, მაგრამ გერმანია ორ თვეში დავტოვე.

თვითმფრინავის ტრაპიდან ჩამოსვლისთანავე ქართულ მიწას ვეამბორე. 

,,რამდენი წელია, რაც აქ არ ყოფილხარ?» _ მკითხა აცრემლებულმა გამცილებელმა.

,,დიდი ხანია, ძალიან დიდი ხანია», _ ვერ გავაწბილე კითხვის ავტორი, ან კი როგორ უნდა მეთქვა, რომ გაპარჭყული ჭადრები, და მკბენარა კოღოები ძაღლები და ჭინჭრები მენატრებოდნენ.

понедельник, 4 мая 2009 г.

ვის დარაჯობს ძაღლი?


ჩემმა ძაღლმა ჯერიმ, ზუსტად იცის, რომ მისი უპირველესი საქმე ფრინველზე ნადირობაა. არც ლაის _ მეორე ძაღლს ეშლება, რომ ცხოველზე სწორედ მან უნდა ინადიროს. ლუსის _ მესამეს, სახლის სადარაჯო აქვს ჩაბარებული. სამივე მოვალეობას თავს ბრწყინვალედ ართმევს და ეს იმის დამსახურებაა, რომ თავის დროზე სამივე ჯიშების, ანუ დანიშნულების მიხედვით გაწვრთნეს.

თანამედროვე თეორიის მიხედვით მედიას ,,მოდარაჯე ძაღლის ფუნქცია» აქვს. მიუხედავად იმისა, რომ მომავალ ჟურნალისტებს ამ თეორიის თანახმად უკანაკნელი 8-9 წელია წვრთნიან, ქართულ მედიას ეს ნაკლებად დაეტყო. ფუნქციის ამგვარი ფორმულირება ჩვენთვის არაადაპტირებული გამოდგა _ ,,ძაღლი» ქარველებისთვის მედიაზე წინ უფრო მოღვაწეობის სხვა სახეობებთან ასოცირდება. შედეგად ქართული მედია დღეს ყველა სახის ძაღლია, მოდარაჯე ძაღლის გარდა.

ქართული მედიის ნაწილი თავისუფლად შეიძლება გაერთიანდეს ,,ეზოში ავი ძაღლიას» კატეგორიაში, ნაწილი აკაკისეული ,,კუდქიცინა მურიის» პრინციპების განმხორციელებელია. ერთი ნაწილის დანიშნულება მხოლოდ ყეფაა, ქარავანის შეუჩერებელი გადაადგილების ფონზე. მათ კი, ვისაც ასე თუ ისე ახსოვს, რომ ჟურნალისტიკის ძირითადი საქმეა _ უდარაჯოს, ვერ გაურკვევია _ ვის ან რას დარაჯობს ეს ძაღლი? ამ კითხვაზე სავარაუდო პასუხებს შორის ძირითადად ფიგურირებს ხელისუფლება, ოპოზიცია ან სახელმწიფო, ყველაზე ნაკლებად კი საზოგადოება.

ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში განვითარებული მოვლენების ფონზე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს მოდარაჯე ძაღლის ახალი თეორია, რომლის თანახმად ჟურნალისტიკის უმთავრესი დანიშნულება სწორედ სახელმწიფოს ინტერესების სადარაჯოზე ყოფნაა და არა საზოგადოების. ამგვარი თეორიის მიმდევრები საქართველოში მოღვაწე ჟურნალისტების იმ მცირე ნაწილს, რომლებიც მოვლენების გაშუქებისას ცდილობენ მიუახლოვდნენ მაინც სიმართლეს, ყველაზე ხშირად (უკანასკნელად ეს შედარება ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის რიგებიდან გამოსული ერთ-ერთი აქტივისტის საჯარო გამოსვლის დროს მოვისმინე) ადარებენ ერეკლე მეფის დროინდელ მოღალატე ქართევლს, რომელმაც მტერს შეატყობინა _ ,,ქართველებს მეზარბაზნეები აღარ ყავთო». ჩანს ამ თეორიის მიმდევრები თავად ჟურნალისტებს შორისაც ბლომად არიან, რადგან ბოლო დროს სულ მტრისგან ვიგებთ ხოლმე, რომ მეზარბაზნეები არ გვყოლია.

ამ თეორიის მიმდევარმა მედიამ, მაგალითად ვერ, უფრო სწორად არ უდარაჯა, აგვისტოს მოვლენების დროს, ცხინვალის რეგიონის ქართულ სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობას. ,,როცა ჩვენი ჟურნალისტები მიმტკიცებდნენ _ ,,ქართული ჯარი ცხინვალს აკონტროლებსო», ამ დროს უკვე ჩემი სოფელი რუსებისა და ოსების მიერ იძარცვებოდა. ამის გამო მომიკვდა ბიძა, ამის გამო ჩამრჩა იქ ყველაფერი, რაც მებადა», _ მიყვებოდა ჩემი ერთ-ერთი რესპონდენტი, ახალგორიდან დევნილი არჩილი და მისი მსგავსი ბევრია. შემდეგ განვითარებულმა მოვლენებმა კი აჩვენა, რომ აგვისტოს მოვლენების დროს მედიის ამგვარმა ქმედებამ ვერ უდარაჯა ვერც სახელმწიფოს, რომელიც დღეს სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზეა.

ამგავრი შედეგი კი არ არის გასაკვირი, რადგან სახელმწიფო ინტერესებისთვის სამსახური მედიას მხოლოდ ერთადერთი გზით _ საზოგადოების სადარაჯოზე ყოფნით შეუძლია.

ხალხის მართვა, იდეოლოგიის გავრცელება, საზოგადოების აღზრდა თუ გართობა _ ეს ის ფუნციებია, რომელსაც ჟურნალისტიკას არსებობის ყველა ეტაპზე, ყველა ეპოქასა, თუ სახელმწიფოში ახვევდნენ და ახვევენ თავს. არსებობს მუდმივი მცდელობა _ მედიის გამოყენების, და გამოყენებისგან თავდაცვის ერთადერთი არჩევანი: მედიის ძირითადი ფუნქციის _ ინფორმირების, ნეიტრალური გამშუქებლის გათავისება.

ლამის ყოველწლიურად იზრდება იმ თეორიების ჩამონათვალი, რომელსაც გასული საუკუნის მიწურულს ილიონისის უნივერსიტეტის პროფესორებმა _ ფრედ ზიბერტმა, უილბურ შრამმა და თეოდოს პეტერსონმა, ,,პრესის ოთხი თეორია» უწოდეს. მკვლევარებს არ გასჭირვებიათ დაემტკიცებინათ, რომ მედიის საქმიანობა ყოველთვის არის დამოკიდებული იმ სისტემაზე, რომელშიც იგი მოქმედებს. შესაბამისად მათ ნაშრომში საუბარია პრესის ,,საბჭოთა კომუნისტურ», ,,ავტორიტარულ», ლიბერტალურ» და ,,სოციალური პასუხისმგებლობის» თეორიებზე, რომელთაც დროთა განმავლობაში დაემატა ,,რევოლუციური», ,,დემოკრატიოული» და სხვა თეორიები.

სკეპტიკოსები ამტკიცებენ, რომ ჟურნალისტიკა ვერ შეძლებს ამგვარი დამოკიდებულებისგან გათავისუფლებას. მაგრამ, თუ ეს შესაძლებელია მოღვაწეობის სხვა სფეროებში, რატომ უნდა იყოს შეუძლებელი ჟურნალისტიკისთვის?

იგივე აგვისტოს ომის დროს გორის ჰოსპიტალში რომ შეგეხედათ, დარწმუნდებოდით რომ ექიმები განურჩელად კურნავდნენ დაჭრილებს. არავინ არკვევდა, რომელ დაპირისირებულ მხარეს, თუ ეთნოსს წარმოადგენდა დაზარალებული. თუ ცხინვალისა და ვლადიკავკაზის საავადმყოფოებში მოხვედრილ და მოგვიანებით ოჯახში დაბრუნებულ ქართველებს შეეკითხებით, ისინიც დაგიტასტურებენ, რომ ოსი ექიმებიც მათ ისევე მკურნალობდნენ, როგორც სხვებს.

თუ მედ-პერსონალისთვის ადამიანებზე ზრუნვა უმთავრესია და ამას ყველა სახელმწიფოში საზოგადოება მხოლოდ მიესალმება, რატომ არის ეს შეუძლებელი მედიის პერსონალისთვის?!

იქნებ, ბოლოს და ბოლოს, ჟურნალისტებმაც დავდოთ ჩვენი ,,ჰიპოკრატეს ფიცი», დავდგეთ ყველა არსებულ სისტემაზე მაღლა და ვუდარაჯოთ ადამიანს, ხალხს, საზოგადოებას!



Pშ: მსურს აქვე შევასრულო ჟურნალისტიკის ერთი უმთავრესი პრინციპიც _ არ დავუტოვოთ პასუხგაუცემელი კითხვები აუდიტორიას! ამიტომ განვმარტავ, რომ ჩემ ოჯახში მრავალძაღლიანობა ჩემი მეუღლის სამონადირეო მისწრაფებების წყალობაა J