воскресенье, 6 декабря 2009 г.

მკითხაობს ბოშა


გზა საზღვრებს გარეშე

საუბრები, რომელიც ქუთაისის მახლობლად მდინარე რიონის სანაპიროსთან ისმის, არც ქართულია, არც რუსული, არც სომხური და აზერბაიჯანული. ეს უფრო მათი ნაზავია, რომელსაც თავად მოსაუბრენი ყირიმულ-რომანულს უწოდებენ.

თუმცა ყირიმი ,,უცხო ენაზე» მოსაუბრე ბოშათა მხოლოდ დაუსრულებელი მოგზაურობის საწყისი წერტილია და არა სამშობლო.

,,სამშობლო არ მაქვს და არც არასდროს მქონია. არ მაქვს არც სახლი, არც მისამართი. გუშინ სხვაგან ვცხოვრობდი, დღეს აქ ვარ. რუსეთი, Aაზერბაიჯანი, საქართველო... იქედან მოვედი და აქეთ წავალ», - დამტვრეული რუსულით, მაგრამ მაინც ისე, თითქოს ხელის გულზე კითხულობდეს, ამბობს ბოშათა ბანაკის მეთაური ზინა.

ზინას თორმეტკარვიანი მატრიარქალური ბანაკი აქვს ჩაბარებული, თუმცა მანაც კი არ იცის ზუსტად, ამ კარვებში რამდენი კაცი ათენ-აღამებს.

,,დღეს ერთია, ხვალ სხვა. მოდიან და მიდიან. აბა, რას გაიგებ», _ კარვებს გაყურებს ზინა, თითქოს მომსვლელ-წამსვლელთა გზებს ნაჭრის კედლებზე კითხულობდეს.

,,იმერეთში, ბოშების რაოდენობის შესახებ მხოლოდ მარჩიელობა თუ შეიძლება. სტატისტიკურმა სამსახურემა მათი აღწერა რამდენჯერმესცადეს, მაგრამ მათივე ცხოვრების წესის გამო ვერ შეძლეს. რთულია მათი ნდობის მოპოვებაც. სხვადასხვა ტიპისა და შინაარსის სოციოლოგიურ გამოკითხვებში მონაწილეობაზე ისინი, როგორც წესი უარს ამბობენ.

,,მე ზინა ვარ _ კეთილი მარჩიელი, ეს სახელიც არის და გვარიც. საბუთები არასდროს მქონია, ისე როგორც აქ მყოფთა უმრავლესობას. ეს საზღვარზე პრობლემებს არ მიქმნის. თუ გზაა იქ საზღვარი რას დაგვაკავებს», _ გვერდით მდგომ ბოშას იმოწმებს ზინა. ისიც უხმოდ, მხოლოდ თავის ქნევით აძლევს დასტურს, თითქოს ხმის ამოღება ჟურნალისტებთან მკითხაობის რიტუალს ხელყოფს. 

ზინას ირგვლივ შეკრებილი ბოშები მეთაურს სულგანაბული უსმენენ. გეგონება ამბები, რომელსაც იგი ყვება სხვებს გადახდენოდეთ. ზინა კი მარჩიელობას განაგრძობს.


ბოშათა კომფორტი

,,რამდენიმე თავშალი, თითო ხელი ტანსაცმელი, კარავი და გიტარა _ ეს არის სულ ჩვენი ქონება, რომელსაც ერთი ადგილიდან მეორეზე გადასვლისას თან დავატარებთ.», _ თითებზე ისე ითვლის ბანაკის ,თავიქალი» გეგონება რიტუალს განაგრძობსო. მერე საჩვენებელის დაქნევით გვაფრთხილებს, რომ ჩამოთვლილი ავლა დიდება თვალშეუხებელია.

,,ჩემს კარავში აბა რა გესაქმება?! არც ბანაკის გადაღება შეიძლება. ხომ ყველაფერს გიყვები! რა სიტყვები არ გყოფნის?!», _ მკითხაობის ცუდი პროგნოზივით ამბობს ზინა.

მკითხავის საუბარს ხალისს გიტარის შეხსენება უბრუნებს.

,,ცეცხლთან ცეკვას რა დღესასწაული ჭირდება. ღამე, გიტარა და სასმელიც საკმარისია. ესენი კი ნამდვილად არ გვაკლია», _ თვალებში ცეცხლი უჩნდებათ ბოშებს.  

,,საერთოდ არაფერი გვაკლია... რიონი დღეს იმისთვის მოედინება, რომ ჩვენი სარეცხი დარეცხოს. ეს ხეებიც ჩვენი მოსვენებისთვის დარგეს. საჭმელიც კი ბანაკში თავისი ფეხით გვაკითხავს.»

ბოშათა ბანაკს მათივე დელიკატესი ზღარბები ხშირად მართლაც თავისი ფეხით აკითხავენ და მერე უეკლოდ შამფურებზე იბრაწებიან.

,,ზღარბის ხორცი ძალიან სასარგებლოა», _ შელოცვასავით ამბობს ზინა და მკითხაობას განაგრძობს.


კეთილი მეზობლები

სოფელ რიონის მაცხოვრებლებმა ბოშათა ბანაკი მდინარის სანაპიროსთან მას შემდეგ აღმოაჩინეს, რაც სოფლიდან მონადირე ძაღლებმა ზედიზედ დაიწყეს გაქრობა.

,,ექვსივე დაკარგული ძაღლი მათთან ვიპოვეთ. ციგნებმა ისეთი სახით გადმოგვაბარეს ნაპოვნი, ,,შემთხვევით დაკარგული ძაღლების შეფარებისა და პატრონობისთვის» სულ მადლობები ვუხადეთ», _ საკუთარი საქციელის უკვირს სოფლის მკვიდრ გიორგის.

,,უნდა ვაღიარო, რომ სხვა ნივთები სოფლიდან არ დაკარგულა, ძაღლები კი როგორც ჩანს ზღარბზე სანადიროდ ჭირდებოდათ», _ დასძენს იგი.

მართლაც რიონისპირა ბოშათა ბანაკში დღესაც ბავშვებს ბანალშემოსილი ძაღლები ჭარბობენ. ჩანს მათთვის ჯერ პატრონებს არ მოუკითხიათ.

სანაცვლოდ ზინას მკითხაობის მსურველი მეზობლები ხშირად აკითხავენ.

,,მეზობლებს უყვარვართ. ჩვენ ხომ არავის არაფერს ვუშავებთ. საქართველოში კეთილი, მოწყალე ხალახი ცხოვრობს, ამ ქვეყანას ექვსი თვის განმავლობაში სწორედ ამიტომ შემოვრჩით», _ ხელებს ცისკენ იშვერს მარჩიელი და მკითხაობას განაგრძობს.


უსახელო ღმერთი


,,მკითხაობას ნიჭი უნდა, ყველას ეს არ შეუძლია. სხვები თავს სხვა საშუალებით ირჩენენ: ვაჭრობენ, ხელოსნობენ, ან უბრალოდ ხელს სამათხოვროდ იწვდიან. საბედნიეროდ ყველა ამ საქმეში გვიმართლებს, ღმერთია მოწყალე», _ განაგრძობს ზინა.

,,მოწყალე ღმერთს» კი ზინას გვარის არ იყოს, სახელი არ აქვს.

,,ღმერთი ერთია! რომელ ქვეყანაშიც ვართ, ღმერთს ლოცვით, იმ ქვეყნის ტაძრიდან ველაპარაკებით. მთავარია უფალი გიყვარდეს და მასაც უყვარდე «, _ მისტიკურობა ემატება ზინას ხმას. 

თუმცა გაცილებით უფრო მისტიკური ბოშა ქალების მაჯებსა და მტევნებზე ამოსვირინგებული წარწერებია. მათი წყალობით ბოშების სასიყვარულო წარსულისა და აწმყოს შეტყობას ნათელმხილველობა არ ჭირდება. მაგალითად ,,ჯემალე» ჯერ კიდევ სასურველი მამაკაცია, რასაც ვერ ვიტყვით ჩამწარებული სიყვარულივით სიმწრით გადაჩხაპნილი სახელის ,,რ......ი»-ს პატრონზე, რომელსაც ყოფილ საყვარელზე წარუშლელ კვალად მხოლოდ სახელის ორი ასო დაუტყვია.
 
,,ქორწილებიც გვაქვს და გაყრებიც», _ ზოგადად ამბობს ზინა, რომელსაც
საკუთარ სიყვარულზე საუბარი არ სურს.

,,თუ გინდა შენს სიყვარულზე მოგიყვები», _ გვთავაზობს იგი.
 
,,სხვა დროს?! ,,სხვა დრო» აღარ იქნება! ხვალ-ზეგ ბათუმისკენ წავალთ. აი, კარტს გავშლი და რომელ დღესაც გვეტყვის, იმ დღეს გავემგზავრებით «, _ ისევ მკითხაობს ბოშა.