четверг, 10 сентября 2009 г.

უნაყოფო ხის ნაყოფი

როცა ერთ-ერთ გაზეთში შტატიანი თანამშრომლობა პირველად შემომთავაზეს მხოლოდ მეორე კურსის სტუდენტი გახლდით. ზუსტად ისეთი ვიყავი როგორც ჩვიდმეტი წლის დამწყებ ჟურნალისტს შეეფერება: საკუთარ ძალებსა და სიმართლეში მეტისმეტად დარწმუნებული, ზედმეტად ენერგიული და ძალიან ამბიციური. 

როცა გაზეთის რედაქტორმა განმიცხადა, რომ შემეძლო ჩემი ასაკის მიუხედავად ნებისმიერ თემაზე მეწერა, უჩვეულოდ არ მომჩვენებია. არც რედაქტორს ეხამუშა, როცა სამუშაოდ პოლიტიკის სფერო შევარჩიე.

დროც შესაფერისი იყო – საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდი. მეც ლექციებიდან პირდაპირ კანდიდატებისა და პარტიების წინასაარჩევნო ღონისძიების გასაშუქებლად გავრბოდი ხოლმე. 

იმ დღეს გაქცევა არსად მომიწია. ლექციიდან გამოსულმა აღმოვაჩინე, რომ ერთ-ერთი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, რომელიც წინა მოწვევის პარლამენტის დეპუტატიც გახლდათ სტუდენტებთან წინასაარჩევნო შეხვედრას უნივერსიტეტის ეზოში მართავდა.

კარგი სტატიისთვის გემრიელი დეტალები ლანგრით მომართვეს: მაჟორიტარი დეპუტატი, რომელსაც საპარლამენტო მოღვაწეობის ოთხი წლის განმავლობაში არც ქალაქისთვის და არც სტუდენტებისთვის არაფერი გაუკეთებია, ახალგაზრდა ელექტორატს კვლავ ხმის მიცემას თხოვდა. 

სტუდენტებმა დეპუტატობის გახანგრძლივების მსურველ კანდიდატს შავი დღე აყარეს. რეპლიკებს, ფრაზებსა და შეძახილებს ბლოკნოტში გულმოდგინედ ვინიშნავდი. უკვე ვიცოდი, რომ რამდენიმე საათში რედაქციას ახალ ცხელ რეპორტაჟს მივაწვდიდი.

რეპორტაჟი, რომელიც უნივერსიტეტის ერთ-ერთ აუდიტორიაში დავწერე მზად ერთ საათში მქონდა. მასალას მხოლოდ სათაური აკლდა. მის ძიებაში აუდიტორიის ფანჯრიდან გადავიხედე და სათაურიც დავინახე. 

ხე, რომლის ჩრდილშიც კანდიდატი სტუდენტებთან შეხვედრას მართავდა და რომელიც ფანჯრიდან მშვენივრად ჩანდა უნაყოფო იყო.

მოგვიანებით თვით უნივერსიტეტის მებაღესაც კი გაუჭირდა ეთქვა რა ჯიშის ხესთან გვქონდა საქმე. ,,რა გითხრა შვილო ეს ხე სულ მწვანეა. ამის ყვავილი ან ნაყოფი არასდროს მინახავს», _ მითხრა მან. ,,სწორედ ისეა როგორც ჩვენი დეპუტატი», _ გავიფიქრე მე და რეპორტაჟს ახალი დეტალი სათაურითურთ მივამატე. 

რეპორტაჟი სათაურით უნაყოფო ხე ახალ ნომერში დაბეჭდილ მასალებს შორის ყველაზე რეიტინგული აღმოჩნდა. მაგრამ სწორედ მასალის გამოქვეყნების შემდეგ გავარკვიე ის, რაც ჩემი თანაქალაქელების უმრავლესობამ კარგად იცოდა: დეპუტატობის კანდიდატი უშვილო იყო. სამწუხაროდ ჩემი შედარება მკითხველთა უმრავლესობამ პირდაპირი მნიშვნელობით გაიგო. რაც უფრო სამწუხაროა რეპორტაჟი ამისთვის არავის დაუწუნებია.

მიუხედავად იმისა, რომ მაშინ ჟურნალისტური ეთიკის ბევრი არაფერი გამეგებოდა თავს მაინც დამნაშავედ ვგრძნობდი.

მას შემდეგ მედიაში ბევრი არაფერი შეცვლილა. ჩვენში რედაქტორთა ერთი ნაწილი დამწყებ ჟურნალისტებს დღესაც ხალისით იწვევს სამუშაოდ დაბალი ანაზღაურებითა და ერთადერთი პირობით - ,,წერე რაც გინდა ოღონდ გაზეთის გვერდი შეივსოს”. დამწყებთა შორის ბევრი ჩემი სტუდენტიცაა მათ კარგად იციან უნივერსიტეტის ეზოში მდგარ ხესთან დაკავშირებული ჟურნალისტური ისტორია, რომელიც მათსავე ლექტორს გადახდა თავს.

ახსოვთ რჩევაც ,,გადაამოწმეთ ყველაფერი, თვით უწყინარი შედარებაც კი”.